Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა ჯაშუშობაში ბრალდებულის მიმართ

29-06-2011
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა ჯაშუშობაში ბრალდებულის მიმართ

2011 წლის 20 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ვ.პ. დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში – საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების, ცნობების, სხვაგვარი მონაცემების და სხვა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში და მას  13 (ცამეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
        სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მოქალაქე ვ.პ., რომელიც 2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სახმელეთო ჯარებში, ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციებს საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამხედრო ავიაციის ეკიპაჟების და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგებთან დაკავშირებით, გადაბირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ და მათი დავალებით მოიპოვებდა, აგროვებდა და სისტემატურად გადასცემდა სხვადასხვა ხასიათის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს და სხვა სახის ინფორმაციებს. 2010 წლის 20 სექტემბერს ქ. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ინტერნეტ-კაფეში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებულ იქნა ვ.პ-ს მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენდა ტექნიკურ შეტყობინებას და აუდიო ფაილს, რომელზეც მიბმული იყო დაფარული სახის ფოტომასალა. ფოტომასალაზე აღბეჭდილი ინფორმაცია შეიცავდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხით გათვალისწინებულ ცნობებს და ‘’სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მიიჩნეოდა სახელმწიფო საიდუმლოებად. ვ.პ-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულ იქნა მეხსიერების USB ბარათი, რომელზეც შენახული იყო სამხედრო ხასიათის ინფორმაციები, რომლებიც შეიცავენ პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებულ  სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხით გათვალისწინებულ ცნობებს და ‘’სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოებად.

      ვ.პ-ს ეჭვმიტანილის სახით დაკავების შემდეგ, მის სამუშაო ოთახიდან,  ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 16 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ. კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის სავაზნემჭიდიანი, თვითდამმუხტავი და ავტომატური შაშხანებისათვის, კარაბინებისთვის, ხელის სადაზგო, სატანკო და საავიაციო ტყვიამფრქვევებისათვის. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია