Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული გაამართლა

21-09-2011

 

    2011 წლის 20 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ზაზა დოლიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ზაზა დოლიძეს პროკურატურა ბრალად სდებდა ქურდობას, კერძოდ, 2011 წლის 31 ივლისს ქ.ბათუმში, კაფე-ბარ ”დელფინის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაზარალებულების _ ზ. დ-სა და ზ. დ-ს კუთვნილი ტანსაცმლის ფარულად დაუფლებას. ბრალდებულმა ზაზა დოლიძემ როგორც გამოძიების, ასევე საქმის არსებითი სასამართლო განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2011 წლის 30 ივლისს, გვიან ღამით მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ტანსაცმელი სანაპიროზე გაიხადა და ზღვაში იბანავა. დილით როდესაც გაეღვიძა, პარკში იწვა სკამზე და ტანსაცმელი არ ეცვა. ამის შემდეგ იქვე ახლოს იპოვა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნახმარი შარვალი და მაისური, რომლებიც უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული და ჩათვალა, რომ გადაგდებული იყო. ვინაიდან, პარკში ტანსაცმლის გარეშე გავლა მოერიდა, გამოუვალი სიტუაციის გამო ჩაიცვა ნაპოვნი ტანსაცმელი, რომლებსაც ფარულად არ დაუფლებია, მათი მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია და მოთხოვნისთანავე დაუბრუნა მესაკუთრეს, რომელიც იქვე ზღვისპირა პარკში შეხვდა. ბრალდებულის ჩვენება დადასტურდა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა ბრალდებულის ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზაზა დოლიძე უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და გაამართლა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია