Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე ორი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

23-05-2012

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის განაჩენით ირაკლი და ალექსანდრე ნატარიძეები ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ირაკლი და ალექსანდრე ნატარიძეებს ბრალი ედებოდათ მასში, რომ ელენა ფურსოვას კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ რკინის ფირფიტებს და საკვამურ მილს, რომლებიც ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში.

როგორც გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულებმა ირაკლი და ალექსანდრე ნატარიძეებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს და განმარტეს, რომ მათი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით, დავალიანების გადაუხდელობის გამო გატანილ იქნა აუქციონზე და შეიძინა ელენა ფურსოვამ. 2011 წლის 14 ნოემბერს მოხდა აღნიშნული სახლიდან მათი რვასულიანი ოჯახის გამოსახლება. გამოსახლებამდე ოჯახის კუთვნილი სხვადასხვა ნივთები, მათ შორის საკვამური მილი და ლითონის ფირფიტები, რომლებიც წინასწარ ჰქონდათ შეგროვებული ჯართის მიმღებ პუნქტში ჩასაბარებლად, ნატარიძეებმა შეინახეს სათავსოში, რის შესახებაც აცნობეს ფურსოვას და მის ნათესავს სოფიო მისაბიშვილს. ამასთან, მისაბიშვილისგან მიიღეს მომდევნო დღეებში თავისი ნივთების და მათ შორის ლითონის ფირფიტების და მილის წასაღებად თავის ყოფილ სახლში და ნაკვეთში მისვლის ნებართვა. რამოდენიმე დღეში სოფიო მისაბიშვილის მიერ გაგზავნილი გასაღების გამოყენებით, სათავსოდან გამოიტანეს ლითონის ფირფიტები და მილი და ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ მათი მხრიდან ქურდობას ადგილი არ ჰქონია.

ბრალდებულების ჩვენება სრულად დადასტურდა დაზარალებული ე. ფურსოვას და მოწმე ს. მისაბიშვილის მიერ მიცემული ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ბრალდებულების ჩვენებები მათი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა წარდგენილი ბრალდებით მათი დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი და ალექსანდრე ნატარიძეები უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია