Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გურამ ბოცვაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

14-12-2015
ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გურამ ბოცვაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლო ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშულებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბრალდებულ გურამ ბოცვაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, მწუხარებას გამოვთქვამთ მანუჩარ კოჩალიძის გარდაცვალების გამო  და დამატებით განვმარტავთ, რომ 2015 წლის 02 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გურამ ბოცვაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები, მიიჩნია, რომ ბრალდებულ გურამ ბოცვაძის მიმართ უნდა გაუქმებულიყო  საპროცესო იძულების ღონისძიება, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა გამოყენებულიყო  გირაო, შემდეგ გარემოებათა გამო:   

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით დადგენილია დაკავების შესაძლებლობა სასამართლო კონტროლის ქვეშ.

 

სასამართლო კონტროლი დაკავების დროს წარმოადგენს მნიშვნელოვან  გარანტს, რათა არ დაირღვეს პირის თავისუფლების უფლება, რომელიც როგორც აღინიშნა მართალია არ არის აბსოლუტურად დაცული და იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი, ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რისთვისაც აუცილებელია გარკვეული პირობების დაკმაყოფილება, სანამ მისი შეზღუდვის გამოყენება დაიწყება.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს ადამიანის თავისუფლების პატივისცემას, მასში სახელმწიფოსა და კერძო პირების ჩარევის მინიმუმამდე შემცირებას. ეს საზოგადოების არსებობის თანმდევი, ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლის დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი ყველას გააჩნია და სასამართლო კონტროლი დაკავებისას ის მექანიზმია, რაც დაიცავს ნებისმიერ პირს სახელმწიფოსგან - ამ შემთხვევაში ბრალდების მხარისაგან კანონის უხეში დარღვევით თავისუფლების ხელყოფისგან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა.

 

როგორც სასამართლომ განმარტა დაკავება ხდება სასამართლოს განჩინებით, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა, რაც მოცემულ შემთხვევაში ნაკლები რისკის დაშვებით იქნა განხორციელებული პირის ხელშეუხებლობის უფლების დაცვის საჭიროებისას გურამ ბოცვაძის მიმართ, რაც მოითხოვდა უფრო მეტ სტანდარტს ყველა გასათვალისწინებელ გარემოებასთან ერთად, მათ შორის პირის დაკავების დროს და ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე.

 

დაკავების ოქმის მიხედვით გურამ ბოცვაძის დაკავების საფუძვლად მითითებულია მიმალვის საფრთხე, კერძოდ „პირი შესაძლოა მიიმალოს“; ამავე ოქმის მიხედვით გურამ ბოცვაძის დაკავება მოხდა გამომძიებლის სამუშაო ოთახში, ამ უკანასკნელის მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ.

 

შუამდგომლობაზე თანდართული მასალების მიხედვით, გურამ ბოცვაძემ როგორც კი შეიტყო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოქალაქის გარდაცვალების შესახებ იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და აღიარა ჩადენილი ქმედება;

 

აქედან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერანაირად ვერ ადასტურებენ დაკავების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძვლებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკავების ოქმში მითითებული საფუძველი, რომ პირი შესაძლოა მიიმალოს, - სახეზე არ არის, მიმალვის სურვილის შემთხვევაში ბრალდებულს სრული შესაძლებლობა ჰქონდა დიდი ალბათობით გაეგრძელებინა გზა და არ მოეხდინა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს, ბრალდებულის მიმართ არ წარმოუდგენია რაიმე სახის ერთი  მტკიცებულებაც კი, რაც არათუ დაადასტურებდა, არამედ მიანიშნებდა მაინც დაკავებამდე მიმალვის საფრთხის არსებობას, მხოლოდ პროკურორის ვარაუდი ამ შემთხვევაში არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის  ”ე” ქ/პუნქტის თანახმად, დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.

 ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ გურამ ბოცვაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა - გირაო, მის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია