Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

01-07-2013
ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

2013 წლის 27 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ - გურამ საფარიძის მიმართ.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორის შუამდგომლობა  დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბრალდებულ გურამ საფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გურამ საფარიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია”.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაკავებისას არსებითად დაირღვა  სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები, კერძოდ ბრალდებული დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების გარეშე, მაშინ როდესაც არ არსებობდა ბრალდებულის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა, აღნიშნული კი საქართველოს სსსკ-ის 176-ე მუხლის (პირველი ნაწილის ’’ე’’ ქვეპუნქტის)  თანახმად, წარმოადგენს დაკავებულთა გათავისუფლების საფუძველს.

 ბრალდებული დაკავებული იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში.

შუამდგომლობაზე თანდართული მასალების, კერძოდ, ბრალდებულ გურამ საფარიძის დაკავების ოქმის მიხედვით, დაკავების საფუძვლად მისი მიმალვის შესაძლებლობაა მითითებული. როგორც შუამდგომლობის განხილვისას დადასტურდა, ბრალდებული გამოძახებისას ცხადდებოდა გამოძიების ორგანოში, მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო საქმეზე გამოძიება, ის დაკითხული იყო საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება დათვალიერებაში, დაკავების დღესაც გამოცხადდა გამომძიებელთან, დაიკითხა მოწმის სახით და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე მისი მიმალვის შესაძლებლობის მოტივით. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო განსახილველ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მიცემული ჰქონდა ჩვენება, გამოცხადებული იყო გამოძახებისთანავე არაერთხელ და არ ჰქონია ადგილი გამოძიებისთვის ხელის შეშლის, თუ დაბარებისას არგამოცხადების ფაქტს, სასამართლო განჩინების გარეშე დასაკითხად თავისი ნებით მისული პირის დაკავება, მიმალვის საფრთხის ფორმალურად მითითებით, ყოვლად დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებულ გურამ საფარიძის დაკავების საფუძველი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია