Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

28-07-2013
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა



2013 წლის 28 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ თენგიზ ზოიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის და ბრალდებულ ემზარ ჯინჭარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს  გამოყენების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები, და პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ბრალდებულ ემზარ ჯინჭარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე, შესაბამისად დაადასტურა ბრალდების ვარაუდი, რომ აღკვეთის ღონისძიების ქვეშ ყოფნა უზრუნველყოფს ემზარ ჯინჭარაძის ქცევას - რომ ის არ მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში და უზრუნველყოფილი იქნება განაჩენის აღსრულება.

შეჯიბრობითობის და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან დაცვის მხარემ თავისი პოზიციით ფაქტიურად დაადასტურა ბრალდებულ ემზარ ჯინჭარაძისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, სასამართლომ ამ ნაწილში პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თენგიზ ზოიძის მიმართ განხილული მასალებიდან გამომდინარე, შუამდგომლობის დასაბუთების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა, დაასაბუთოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის საჭირო ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების არსებობა.

საქმის კონკრეტული გარემოებების და მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, მინიმალურად დასაშვები სტანდარტით საქმეში მოიპოვება ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, მაგრამ ფორმალური (საპროცესო) საფუძველი მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და მითითებული სათანადო არგუმენტაციით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, რადგან ბრალდების მხარე ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების კონკრტული სახის შეფარდების მოთხოვნისას დაასაბუთოს აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, შუამდგომლობაში მითითების გარდა ვერ იქნა დასაბუთებული. რადგან გამოძიება ვერ ადასტურებს, რომ პირი არ მიიმალება, ბრალდებული არაერთხელ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში და გამოცხადდა.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თენგიზ ზოიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება ეხება დაახლოებით ექვსი წლის წინ დასახელებულ შემთხვევებს; ასევე ვერ საბუთდება განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფის ხელშეშლა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია სამომავლო სტანდარტთან და უკავშირდება მიმალვის საფრთხის რისკს, რაც შუამდგომლობით და საქმის მასალებით არ დასტურდება.

მითითებული 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

საქმის მასალებით არ ირკვევა, რომ ბრალდებული გაანადგურებს ამ საქმეზე საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ან მოახდენს მოწმეებზე ზემოქმედებას. ამ ეტაპზე, იმ პირობებში როცა მოცემულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ბრალდების დადგენილებაში მითითებული მოწმეების უმეტესობა დაკიხულია ოთხი-ხუთი წლის წინ.

თენგიზ ზოიძისათვის ამ დროის პერიოდში ცნობილი იყო გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე და მისი მხრიდან, გამოძიებისთვის რაიმე ხელისშემშლელ ქმედებებს, მითუმეტეს მიმალვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა პროკურორმა.

შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძველი, რაც ქმნის გარემოებას პირის მიმართ არ იქნას გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში მოიპოვება გარკვეული ფაქტობრივი მტკიცებულებითი საფუძველი მინიმალური სტანდარტით, რომ ბრალდებულის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გაგრძელდეს გამოძიება სისხლის სამართლის პროცესით დადგენილი წესით და დაინიშნა წინასასამართლო სხდომა.


 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია