Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გამამართლებელი განაჩენი

30-10-2013
გამამართლებელი განაჩენი

  ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დავით გოგუაძე უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში.  დავით გოგუაძეს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:  მოხელის მიერ თავისი სამსახურეობრივი  მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამიკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:  დავით გოგუაძემ, რომელიც მუშაობდა სსიპ სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტის თანამდებობაზე და ახორციელებდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შედგენასა და სასამართლო-საექსპერტო მომსახურებას.  2012 წლის იანვარში შპს ,,ალმანია იზოლეს’’ მოთხოვნით საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისას არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა, კერძოდ: ორგანიზაციის მიერ შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების განსაზღვრა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიას  47 151, 06 ლარის ზიანი მიაყენა).

სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული არ ჰქონდა და სასამართლოსთვის არ მოუთხოვია დავით გოგუაძის მოწმის სახით დაკითხვის ოქმის დასაშვებად ცნობა, ბრალდებას, ასევე ეს უკანასკნელი ბრალდებულის სახით დაკითხული არ ჰყავს, უცნობია ჰქონდა თუ არა მას განზრახვა არასწორი მონაცემები შეეტანა  დასკვნაში, ან/და დასკვნაში არასწორი მონაცემების არსებობა გამოწვეული იყო თუ არა  მისი გულგრილობით, მითითებული გარემოებები მიუთითებს, რომ გამოძიება ნაწარმოებია არასრულყოფილად და  დადგენილი არ არის ყველა ფაქტობრივი გარემოება.

 სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დავით გოგუაძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დავით გოგუაძის ბრალეულობაში, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დავით გოგუაძე უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია