დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მედიაციის ღია კარის დღე გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მიმართა და მედიაციის მნიშვნელობასა და პროექტის უპირატესობაზე ესაუბრა.
მედიაცია - ეს არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც მიმართულია ნებისმიერი სახის კონფლიქტის გადაჭრაზე მოლაპარაკებების გზით. მედიაციისას გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ მხარეები. თავად მედიატორი კი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ეხმარება მხარეებს დიალოგის წარმართვაში, ცდილობს მხარეთა რეალური ინტერესების გამოვლენას და ორივე მხარისათვის ოპტიმალური და მისაღები შედეგის მიღწევას. მედიაციის პროცესი სრულიად კონფიდენციალურია. მედიატორსა და მხარეებს არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი მედიაციის მიმდინარეობისას გახდა. მედიაციის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მნიშვნელოვან შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის კუთხით. კერძოდ ნაცვლად 3%-ისა, რომელსაც მხარე იხდის დავის სასამართლოში (მხოლოდ პირველ ინსტანციაში) განხილვის შემთხვევაში, მედიაციის შემთხვევაში მხარეს 1%-ის გადახდა უწევს, საიდანაც გადახდილი თანხის 70% უკან უბრუნდება თუკი დავა შეთანხმებით დასრულდა. მედიაციის პროცესში მიღწეული შეთანხმება შეიძლება დამტკიცდეს სასამართლოს მიერ და ამგვარად დაექვემდებაროს აღსრულებას. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საერთო წესების დაცვით. სასამართლო მედიაცია შეიძლება განხორციელდეს სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
მედიატორებმა ერთი წლის მანძილზე ინტენსიური და კომპლექსური ტრენინგები გაიარეს მედიაციაში CEDR-ის (ბრიტანელი ექსპერტები) ასევე, ამერიკელი, გერმანელი და ჰოლანდიელი ექსპერტების ხელმძღვანელობით. შედეგად, თექვსმეტმა მედიატორმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ახალ ცენტრში მედიაციისათვის განკუთვნილი სასესიო ოთახები მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. |