2014 წლის 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიატორთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მედიატორებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და სასამართლოს მენეჯერი მაკა თოდუა დაესწრნენ.
მედიაციის საპილოტე პროექტი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა. დღევანდელ შეხვედრაზე მედიატორებმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს. მედიაციის უფრო ეფექტური ფუნქციონირებისათვის დღესვე დაიგეგმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებსა და მედიატორებს შორის. რით განსხვავდება მედიაცია სასამართლოში მხარეთა მორიგებისაგან, რატომ უნდა მიენიჭოს მას უპირატესობა, როდის არის მედიაცია მიზანშეწონილი, რა ინფორმაცია და როგორ უნდა მიაწოდოს მოსამართლემ მხარეებს მედიაციის შესახებ - სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელებენ შეხვედრის მონაწილეები.
გასვლითი სამუშაო შეხვედრა 2014 წლის 4-5 აპრილს კაჭრეთში გაიმართება. მას მოსამართლეებთან და მედიატორებთან ერთად სასამართლოს აპარატის თანამშრომლები - სამუშაო ჯგუფის წევრები დაესწრებიან. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის( JILEP) და თბილისის საქალაქო სასამართლოს ორგანიზებით ჩატარდება. |