თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს მედია გაერთიანება „ალაია ჰოლდინგის“ მიერ წარმოებულ მიზანმიმართულ და ცილისმწამებლურ კამპანიას სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო. დაუსაბუთებელი, შეურაცმყოფელი და უსაფუძვლო ბრალდებებითაა გაჯერებული გაზეთების ”კვირის ქრონიკისა” და ”ალიას” ფურცლები. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით, „ალია ჰოლდინგი“ სისტემატურად ლახავს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და შეგნებულად ავრცელებს სრულ დეზინფორმაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ჰოლდინგის მხრიდან სახეზეა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, კერძოდ კი მოსამართლის პატივისა და ღირსების შელახვა. მოსამართლისათვის დაკისრებული თმენის ვალდებულება, თავის მხრივ იქცა საგაზეთო მასალებში ცალმხრივი ცილისმწამებლური კამპანიის საწინდარად. თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს „ალია ჰოლდინგს“ დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და მისი პრეტენზიები, არგუმენტებისა და მტკიცებულებების სახით, წარადგინოს კანონით დადგენილი წესით. |