2014 წლის 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამრთლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს (50 000 ლარი) შეფარდებისა და ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის გამომძიებლისათვის ჩაბარების ვალდებულების დაკისრების თაობაზე. სასამართლომ ბრალდებული აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და ბრალდებულ უგულავას არ დაეკისრა ვალდებულება პასპორტისა და პირადობის მოწმობის გამომძიებლისათვის ჩაბარების თაობაზე.
გიორგი უგულავას ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ გამგებლობაში. საქმე ეხება თბილისის მერიასა და შპს ”სითი პარკს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, შუამდგომლობის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 1 086 718 ლარი.
სასამართლომ ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევაზე მსჯელობისას მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებულად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მართებულობა და მიზანშეწონილობა. კერძოდ, არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის საჭირო ფორმალური და საპროცესო საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულ გიორგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. შესაბამისად, გიორგი უგულავას მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2014 წლის 25 აგვისტოს,11 საათზე გაიმართება. |