დღეიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის 12 მსმენელი სავალდებულო სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაივლის. მსმენელები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოლეგიებში გადანაწილდნენ.
სავალდებულო სტაჟირების ფარგლებში, კოორდინატორის მიერ იუსტიციის მსმენელთა შეფასება ინდივიდუალურად მოხდება. პროცესის შეფასება წინასწარ შემუშავებული რეკომენდაციის ფორმის მეშვეობით მოხდება, რომლის მიზანია, მსმენელის მიერ შესრულებული სამუშაოს აღწერა, სტაჟირებისას გამოვლენილი თეორიული ცოდნის და მისი პრაქტიკაში გამოყენების, აგრეთვე პიროვნული თვისებებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება. დღეს იუსტიციის სკოლის მსმენელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდა. მამუკა ახვლედიანმა მსმენელებს წარმატებები უსურვა და თითოეულ მათგანს პრაქტიკული კურსის განმავლობაში მხარდაჭერა აღუთქვა. |