ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საქმეთა განაწილების წესი და სხდომათა დარბაზების სიმცირე - სასამართლოში ამ მიმართულებით არსებული პრობლემები მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. თავის მხრივ, არასამთავრობოებმა კმაყოფილება გამოთქვეს სასამართლოს მხრიდან შეხვედრების ინიცირებისათვის და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია სასამართლო სისტემის გამჭირვალობის მიზნით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და არასამთავრობოებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მოსამართლეებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრის დასასრულს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსამართლის თანაშემწეთა და სხდომის მდივანთა სამუშაო ოთახები დაათვალიერეს. |