
მოსამართლეთა კორპუსი შეშფოთებულია ბოლო დროს სასამართლოს სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის გამო. ცილისმწამებლური განცხადებების ტირაჟირება აქტიურად მიმდინარეობს ცალკეული მოსამართლეებისა და ზოგადად, სასამართლო სისტემის მიმართ. მოსამართლეები, ამ დრომდე მიიჩნევდნენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მათი როლისა და თმენის ვალდებულებიდან, ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლებიდან გამომდინარე, თავი შეეკავებინათ გამოხმაურებოდნენ შინაარსს მოკლებულ, ცილისმწამებლურ და ვარაუდებზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რაც პერიოდულად ვრცელდება ტელე-რადიო, ბეჭდური თუ ინტერნეტ-სივრცის მეშვეობით, მითუფრო პროცესის მონაწილე მხარეთა მხრიდან. თუმცა, კონსტიტუციითვე დადგენილია, სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის მიმართ გახშირებული ცილისმწამებლური კამპანია, რაც ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს სცილდება და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აზრის ჩამოყალიბებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ მსგავს ბრალდებებს აუცილებლად უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი საგამოძიებო ორგანოების მხრიდანაც. მოსამართლეთა მოთხოვნაა, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ჩადენას მოსამართლის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მხრიდანაც განხორციელდა ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. |