ნაფიც მსაჯულთა განსჯად სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლის განჩინებით კინო-ვიდეო გადაღება სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეიზღუდა.
2013 წლის 25 აგვისტოს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარებული პირველ სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარემ საქართველოს სსსკ-ის 228-ე მუხლის თანახმად გააფრთხილა პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლოს მითითების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების თაობაზე. აგრეთვე მასმედიის საშუალებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 13[1] მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, იმის შესახებ, რომ: "თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე."
2013 წლის 27 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება კურიერში გასულ სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე სასამართლო პროცესს ნაჩვენები იქნა ნაფიცი მსაჯულები.
ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს ჩანაწერის გადაცემას მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის, ასევე ტ/კომპანია რუსთავი 2-ის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მითითებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, ასევე საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 13[1] მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ბრალდების საქმეზე სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეიზღუდოს კინო-ვიდეო გადაღება. |