თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მეხუთე სისხლის სამართლის საქმის განხილვა. 12 ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღო და ბრალდებულები ვახტანგ ჩხაპელია, გელა უბილავა და კობა ყურუა დამნაშავედ სცნო ანტონ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. აღნიშნულ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებულ იქნა 8 ხმით, 4-ის წინააღმდეგ.
ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ბრალდებულ გელა უბილავას მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ბრალდებაში, ხოლო კობა ყურუას მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ბრალდებებზე.
ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გამოიყენეს ვერდიქტზე მსჯელობისათვის კანონით მინიჭებული პირველადი 3, შემდგომ 6 და კიდევ 3 საათი, სულ 12 საათი. ნაფიც მსაჯულთა თათბირი საიდუმლოა და იგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. რადგან აღნიშნულ უწყვეტ 12 საათში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ შეძლეს ვერდიქტის მიღება, სასამართლომ მათ მართლმსაჯულების განსახორციელებლად დამატებით გონივრული დრო განუსაზღვრა. ღამის საათების გათვალისწინებით სასამართლომ გონივრულ ვადად 1 საათი მიიჩნია.
მოცემულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 10 სასამართლო სხდომა და დაიკითხა ბრალდების 19, ხოლო დაცვის 5 მოწმე. გამოკვლეულ იქნა წერილობითი ხასიათის მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და გარე-ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ასევე შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ამსახველი ნუსხა.
მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ სასჯელის დანიშვნის სხდომაში.
სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავას და კობა ყურუას ანტონ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის თითოეულს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას. |