2013 წლის 1 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების, საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის დამკვირვებლების, ნატო ბულიასა და ნონა ქურდოვანიძის სარჩელი, მოპასუხეების - №3 საბურთალოს ოლქის №28 საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების, ასევე, №3 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ.
მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებით განმარტეს, რომ 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ №28 და №3 საუბნო საარჩევნო კომისიებში, ერთ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კენჭისყრის შედეგად გადანაწილებული ფუნქციების გაცვლასა და მეორე შემთხვევაში ჩანაწერთა წიგნში წილისყრის შედეგებისგან განსხვავებული შედეგების მითითებას, რაც წარმოადგენს დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელეებმა წარადგინეს საჩივრები №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელთა დაკმაყოფილებაზეც მათ უარი ეთქვათ. ნ. ბულიასა და ნ. ქურდოვანიძის განმარტებით, საოლქო კომისიის მიერ მიღებული აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც, სასარჩელო განცხადებით მათი ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და №3 საბურთალოს ოლქის №28 საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების, ასევე, №3 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სარჩელს და განმარტეს, რომ საარჩევნო პროცედურები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით განახორციელეს.
სასამართლომ შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №31/2013 განკარგულება და №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №28 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მიმართ.
აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი დღის ვადაში. |