უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემა. საბჭოს წევრებმა კენჭი უყარეს 59 კანდიდატს, აქედან 18 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, 41 კი, ის კანდიდატი გახლდათ, რომელთაც მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
საბჭოს 13 წევრიდან, თუკი 10 წევრი ხმას მისცემდა მოსამართლეობის კანდიდატს, იგი არჩეულად ჩაითვლებოდა. საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს 12 კანდიდატი, რომლებიც მომავალ კვირას საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სხვადასახვა რეგიონის სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან.
საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად საჭირო ხმების რაოდენობა მიიღეს: გერმანე დადეშქელიანმა, გიორგი მიროტაძემ, ლევან მიქაბერიძემ, ციცინო კიკვაძემ, მურთაზ მეშველიანმა, ნატალია ნაზღაიძემ, გოჩა ფუტკარაძემ, მერაბ ღვინიაშვილმა, ნინო შარაძემ, ნანა ჭიჭილეიშვილმა, ხათუნა ხომერიკმა, ნანა ჯანხოთელმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უარყოფითი შეფასება მისცა საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას. კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ეს იყო ძალიან ცუდი შედეგი, რადგან ჩვენ ვვარაუდობდით, რომ სულ მცირე 20-25 მოსამართლე მაინც დაგვენიშნა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 15 მოსამართლეს ახლახანს გაუვიდა უფლებამოსილების ვადა, ფაქტობრივად, ჩვენ ამ დანიშვნით ვერ შევავსეთ არსებული ვაკანსიების მცირე ნაწილიც კი.
დღეის მდგომარეობით, როცა ძალიან გადატვირთულია სასამართლო სისტემა საქმეებით, მხოლოდ 12 ახალი მოსამართლის დანიშვნით , რეალურად არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება,“ განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მოსამართლეები უკვე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან თანამდებობაზე. დღეის მდგომარეობით საქართველოს სასამართლო სისტემაში (სამივე ინსტანცია) 242 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას. |