2013 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე სს ,,ქართული ფოლადი”-ს სარჩელი მოპასუხეთა: სს ,,ქართული ფოლადი”-ს რეაბილიტაციის მმართველ მალხაზ ალბორაშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილის , შპს ,,რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფის” და შპს ,,რუსთავის ფოლადის” წინააღმდეგ.
მოსარჩელე ითხოვდა სს ,,ქართულ ფოლადსა და შპს ,,რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს” შორის 27.12.2011 წ. დადებული სხვადასხვა მოძრავი ქონების გასხვისების ბათილად ცნობას და ამ მოძრავი ქონების სს ,,ქართული ფოლადი”-სათვის დაბრუნებას, ამავე ქონებაზე შპს ,,რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფსა და შპს ,,რუსთავის ფოლადს შორის 27.12.2011 წელს დადებული გარიგების ბათილად ცნობას, ასევე მოპასუხეების-ირაკლი მეძმარიაშვილის და მალხაზ ალბორაშვილისათვის მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანის-25617800 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრებას.
მოპასუხეები წარდგენილ შესაგებლებში არ დაეთანხმნენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს, არ სცნეს სარჩელი და აღნიშნეს რომ, არ არსებობს ნასყიდობისა და გარიგების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე (სს ,,ქართული ფოლადი”-ს მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი), ნაწილობრივ დააკმაყოფილა სს ,,ქართული ფოლადი”-ს სარჩელი, კერძოდ, ბათილად სცნო 2011 წლის 27 დეკემბერს სს ,,ქართულ ფოლადსა და შპს ,,რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს” შორის გასხვისების და 2011 წლის 27 დეკემბერს შპს ,,რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფსა” და შპს ,,რუსთავის ფოლადს” შორის დადებული გარიგების ხელშეკრულებები, აღადგინა პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული ხელშეკრულებებით გასხვისებული ქონება საკუთრებაში დაუბრუნა მოსარჩელეს სს ,,ქართულ ფოლადს”. ასევე მოპასუხეებს სილოდარულად დააკისრა სასარჩელო ხარჯების გადახდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე სს ,,ქართული ფოლადის მოთხოვნა მოპასუხეების-ირაკლი მეძმარიაშვილის და მალხაზ ალბორაშვილის მიმართ მოსარჩელისათვის მიყენებულ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
|