Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მომხდარ გახმაურებულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

05-03-2010

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა გახმაურებულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელიც ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც შაორის პატრიოტთა ბანაკის დამსვენებელი ახალგაზრდები ისხდნენ, გზიდან 34 მეტრი სიღრმის ხევში გადავარდა. შედეგად, ავტობუსში მსხდომი მგზავრებიდან 3 დაიღუპა, რამდენიმემ კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

ავტობუსის მძღოლმა მ.მ-მ სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ მომხდარი შემთხვევვა მისი ბრალეული ქმედების შედეგია. მსჯავრდებულის ჩვენების მიხედვით, მან გამოიჩინა უყურადღებობა შემხვედრი ავტომობილის გვერდის ავლისას და გაჩერების ნაცვლად ავტობუსით გადავიდა გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს. შედეგად, ავტობუსი ხევში გადავარდა. მისივე ჩვენებით, ავარიის პროვოცირება შემხვედრი მანქანის არასწორმა მანევრირებამ გამოიწვია. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლომ ამ ნაწილში განსასჯელის ჩვენება არ გაიზიარა. ავარიის არცერთ მოწმეს არ შეუნიშნავს საპირისპირო მხრიდან მოძრავი მანქანა. "იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილი ხელს შეუშლიდა ავტობუსის ნორმალურ მოძრაობას, მძღოლი ზემოთაღნიშნული წესების შესაბამისად ვალდებული იყო, გაეჩერებინა ავტომობილი. ნაცვლად ამისა, იგი გადავიდა გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს და შეეჯახა რკინაბეტონის კონსტრუქციას, ამის შემდეგ კი სწორხაზოვნად გაიარა 11 მეტრი მანძილი მოძრაობის მიმართულებით საბოლოო გადავარდნამდე,"- აღნიშნულია განაჩენში. საქმეზე შეკრებილი მასალებით ასევე არ დადასტურდა განსასჯელის განმარტება, რომლის მიხედვით შეჯახების ადგილას ასფალტს მიწა ჰქონდა გამოცლილი და ამიტომ საბურავის ქვეშ გზა ჩაინგრა.

სასამართლომ განსასჯელი დამნაშავედ ცნო. 8-წლიანი საპატიმრო სასჯელი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ჯარიმა გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანების გამო, - ასეთი მსჯავრით დასრულდა გახმაურებულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია