Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა კერძო პირებმა მოიგეს

28-03-2010

მოსარჩელეებმა მ. ა.-მ და ტ. ტ.-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, რომლის საფუძველზე მათ საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაკარგეს. საქმის მასალების მიხედვით, მ. ა.-მ და ტ. ტ.-მ პეტრიწის ქუჩის #7-ში მდებარე მიწის ნაკვეთი კოლექტიურ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობის წევრებისაგან შეიძინეს. 2000 წლის 19 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2070კვ.მ. მიწა მათ საკუთრებად აღრიცხა. 2008 წელს კი მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდა. მისი აუქციონის ფორმით პრივატიზების შედეგად მიწის ნაკვეთი გ. თ.-მ შეიძინა. ახალი მფლობელის საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დავა ქუთაისის სასამართლოში გაგრძელდა.

სასამართლოზე მოპასუხედ გამოსულმა მერიის წარმომადგენელმა მომხდარში პასუხისმგებელ მხარედ საჯარო რეესტრი დაასახელა. სარჩელი კი დაგვიანებულად და უსაფუძვლოდ მიიჩნია. თავის მხრივ საჯარო რეესტრმა დაშვებული შეცდომა შეცვლილი მისამართით ახსნა, რის გამოც ფართის იდენტიფიცირება ვერ მოხდა. აუქციონით შეძენილი ქონების საკუთრების უფლების დაცვა გ. თ.-მაც სცადა და სასამართლოზე მოსარჩელეების მოთხოვნის წინააღმდეგ გამოვიდა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ მ.ა-სა და ტ.ტ-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: "სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სადაო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში განხორციელებული მოქმედებებით _ შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემითა და მასზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციით დაირღვა საქართველოს სამართლებრივ სივრცეში მოქმედი საკუთრების უფლების დაცვის საგარანტიო საკანონმდებლო ნორმები, რაც ამ აქტების გაუქმების აბსოლიტურ საფუძველს წარმოადგენს".

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერიისა და საჯარო რეესტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც მოსარჩელეებმა 774 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაკარგეს. სასამართლომ მოპასუხე გ. თ.-ს მიერ სადაო ქონების შეძენის საკითხზეც იმსჯელა. საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მას უნდა სცოდნოდა, რომ აუქციონზე შეძენილი მიწის ფართის ნაწილი წარმოადგენდა მოსარჩელეთა საკუთრებას. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ გ. თ. ვერ იქნება მიჩნეული უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენად.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია