2012 წლის 09 სექტემბერს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი - ბრალდებულ პ. ჯ-ას მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა ქურდობის ჩადენაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით ერთიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად 2012 წლის 3 აგვისტოს საღამოს საათებში დაბა უ-----ში, ზღვის სანაპიროზე პ. ჯ-ა მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ხ. ფ-ას კუთვნილ 19 ლარად ღირებულ ხელჩანთას, 100 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას 19 ლარის ოდენობით.
სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა პ. ჯ-ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.
საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადგინდა, რომ პ. ჯ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარებოდა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, იგი ვარაუდებზე იყო დაფუძნებული, რაც ვერ იქნა გაბათილებული სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ვერც ერთი მტკიცებულებით.
სასამართლომ ბრალდებული პ. ჯ-ა უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
 |