Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

02-12-2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება საინფორმაციო სააგენტო NEWS.GE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თეიმურაზ ცამციშვილის და გიორგი გაბიძაშვილის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადების სხდომაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ თეიმურაზ ცამციშვილის და გიორგი გაბიძაშვილის მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების მიხედვით თეიმურაზ ცამციშვილმა ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგა ქალაქ ქუთაისის მერიის კუთვნილი 5 829 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ამ უკანასკნელს, ხოლო შპს ,,შპს’’-ს დირექტორმა გიორგი გაბიძაშვილმა ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა ქალაქ ქუთაისის მერიის კუთვნილი 7 746 ლარი. სასამართლომ საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და თეიმურაზ ცამციშვილს სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით, ხოლო გიორგი გაბიძაშვილს სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით.

საინფორმაციო სააგენტო NEWS.GE-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეიმურაზ ცამციშვილის სასჯელის გამოცხადებისას - ,,მოსამართლემ ცამციშვილისათვის სასჯელის სახით  ჯერ 6 000 -ლარიანი ჯარიმა დაასახელა, შემდეგ განაცხადა, რომ შეეშალა და ჯარიმის თანხა 8 000 ლარს შეადგენდა, ხოლო როდესაც განაჩენის გამოცხადება დასრულდა და სასამართლოს დარბაზი დამსწრე პირებმა დატოვეს, ისინი კვლავ დარბაზში დააბრუნეს და მოსამართლემ განაცხადა, რომ ამჯერადაც შეეშალა და ცამციშვილისათვის დაკისრებული ჯარიმა 6 000 ლარს შეადგენდა’’.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთმოყვანილი ინფორმაცია წარმოადგენს განაჩენის გამოცხადებისას განვითარებული მოვლენების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას და აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოსამართლემ გიორგი გაბიძაშვილის ნაწილში განაჩენის გამოცხადებისას ჯარიმის ოდენობა გამოაცხადა 6000 ლარი, რაც მაშინვე დააზუსტა და განმარტა რომ ჯარიმის ოდენობა შეადგენდა 8000 ლარს. სხვა თანმდევი გაგრძელება აღნიშნულ ფაქტს აღარ ჰქონია.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმედოვნებს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი უზუსტობების გაჟღერება გამოიწვია კონკრეტულ სტატიაზე მომუშავე ადამიანების დაუდევარმა დამოკიდებულებამ და არა სასამართლო ხელისუფლების დისკრეტიტაციისაკენ  მიმართულმა  გამიზნულმა ქმედებამ, რაც თავისმხრივ შეიძლება ემსახურებოდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და დაინტერესებული პირების მიერ, მიზანმიმართულად საზოგადოებრივი აზრის ცალმხრივად ფორმირებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია