Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დევნილებს ბინა შეუნარჩუნა

04-01-2010

"ქუთაისის პროფესიული სწავლების ცენტრი, როგორც ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაცვლე, სადაო ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს ქალაქ ქუთაისში, სოხუმის ქუჩის პირველი ჩიხის #13-ში მდებარე უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს მოსარგებლეს, რის გამოც იგი არ არის უფლებამოსილი სხვა პირს, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დევნილმა რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი ფართი შეინარჩუნა.

 

სასამართლო დავა ქუთაისის #1 პროფესიული სასწავლებლის დირექტორს თინათინ ლოსაბერიძესა და აფხაზეთიდან დევნილ პირებს შორის 2008 წლის 17 დეკემბერს დაიწყო. სასწავლებლის ხელმძღვანელმა თავისი სარჩელით ქუთაისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემული უძრავი ქონებიდან დევნილი ოჯახების გამოსახლება მოითხოვა. თავის მხრივ, დევნილთა რამდენიმე ოჯახმა შესაგებელი სარჩელით მიმართა სასამართლოს და იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვით ქუთაისის მერიამ სოხუმის ქუჩის პირველი ჩიხის 13-ში არსებული შენობა ქუთაისის #1 პროფესიულ სასწავლებელს გადასცა. ამავე სარჩელით მოპასუხეებმა ქუთაისის მერის იმ ბრძანების არარად ცნობაც მოითხოვეს, რომლის საფუძველზე გაფორმდა აღნიშნული ხელშეკრულება ვიცე-მერ სერგო სვანაძესა და სასწავლებლის დირექტორ თინათინ ლოსაბერიძეს შორის.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ აფხაზეთიდან დევნილ ამ ოჯახებს სახელმწიფოს მხრიდან არ აქვთ გამოყოფილი სხვა საცხოვრებელი ფართი დროებით სარგებლობასა ან საკუთრებაში. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობებისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 27 დევნილი პირი სწორედ სადაო შენობის მისამართზეა რეგისტრირებული. ეს დოკუმენტაცია სასამართლომ დასახელებულ უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებად მიიღო. მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი იმპერატიულად კრძალავს საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან გამოსახლებას. მის უგულებელყოფა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათ შორის დევნილის მიერ ფართობის თვითნებურად, კანონის დარღვევით დაკავების შემთხვევაშია შესაძლებელი. სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი ფაქტი სახეზე არ არის.

 

სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის მოთხოვნები. ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ ქუთაისის მერის მიერ გამოცემული 2007 წლის 14 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით, უძრავი ქონების გადაცემა განხორციელდა ჯერ კიდევ არარსებულ სამართლებრივ სუბიექტზე ქალაქ ქუთაისის პროფესიული სწავლების ცენტრზე. აღნიშნული დაწესებულება მხოლოდ მერის ამ ბრძანების გამოცემის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის #32 ბრძანების შესაბამისად შეიქმნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო აქტი წარმოადგენს არარა აქტს, რადგან დასახელებული ფაქტობრივი მიზეზით შეუძლებელი იქნებოდა მისი შესრულება, ანუ მას არ შეეძლო წარმოეშვა ის სამართლებრივი შედეგი, რა მიზნითაც გამოცემული იყო დასახელებული აქტი.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ ქუთაისის მერის პირველ მოადგილეს ხელშეკრულების დადების დროისთვის, 2008 წლის 15 იანვრისთვის გასული ჰქონდა მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იგი ხელსეკრულების მხარედ ვერ ჩაითვლება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სადაო ხელშეკრულების დადებამდე მასში მონაწილე მხარეები ვალდებულნი იყვნენ ეცნობებინათ დასახელებულ მისამართზე მცხოვრები პირებისათვის ხელშეკრულების დადების პირობები. შესაბამისად, მიეცათ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობაც ხელშეკრულების ბათილობის კიდევ ერთი სამართლებრივი საფუძველი გახდა. ყველა ამ მოტივის გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქუთაისის #1 პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორის სარჩელი მოპასუხეების: თამაზ ბანძელაძის, გიორგი ჯალაღონიასა და სხვათა მიმართ, მათი ფართიდან გამოსახლების შესახებ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია