Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გამოხმაურება გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე

12-11-2013
გამოხმაურება გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე

2013 წლის 11 ნოემბერს, გაზეთ „პრაიმ-ტაიმში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მოსამართლეების ორმაგი სტანდარტი“. სტატიის ავტორი  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ერთ-ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ მოსამართლე პროკურორთან შეთანხმებით განგებ აჭიანურებს კონკრეტული საქმის განხილვას, რათა ადვოკატს თავისი კლიენტის დაცვის საშუალება არ მიეცეს. ამის „საილუსტრაციდ“ ადვოკატი ინგა შარაშენიძე აცხადებს, რომ მოსამართლემ რამდენჯერმე გადადო სხდომა და სხდომების გადადების შუამდგომლობების მეტი წილი პროკურატურის მიერ იყო მოთხოვნილი.  

რა ხდებოდა რეალურად ამ საქმესთან დაკავშირებით და  რა „ფარულ გარიგებას“ აქვს ადგილი სასამართლოსა და პროკურატურას შორის?

აღნიშნული საქმის განხილვა ქუთაისის  საქალაქო  სასამართლოში   2013  წლის  26 ივნისს   დაიწყო.

საქმის  ფაქტობრივი  გარემოებები გამოიხატა  შემდეგში:  2013  წლის  14  მარტს  არაფხიზელ მდგომარეობაში  მყოფმა  დავით  დ.-მა   შეკამათების  დროს, განაწყენების  ნიადაგზე, შურისძიების   მოტივით,  საკუთარ  სახელზე  შენახვის  უფლებით  დარეგისტრირებული  ცეცხლსასროლი  იარაღიდან  სამჯერადი  გასროლით  გულ-მკერდის  არეში  სიცოცხლისათვის   სახიფათო  დაზიანებები  მიაყენა  დ.  გ.-ს, რის  შემდეგაც  ეს  უკანასკნელი  საავადმყოფოში  მიყვანამდე   გარდაიცვალა.  ამასთანავე  ერთ-ერთი  გასროლის  შედეგად,   დანაშაულის   ჩადენის  მომენტში  მასთან  ერთად  მყოფ  პირს,  ჯანმრთელობის  ხანმოკლე   მოშლით,  ცეცხლსასროლი   ჭრილობის  სახით  მიაყენა   სხეულის  მსუბუქი  ხარისხის  დაზიანება. დავით დ.-ს სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ადვოკატი ინგა შარაშენიძე სწორედ მის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

სასამართლოს მიერ  განსახილველ  საქმეთა  რაოდენობის  გათვალისწინებით, აღნიშნულ   საქმეზე  სხდომები  ინიშნებოდა  შესაბამისი  გრაფიკით. დღეისათვის,  მოცემულ  საქმეზე  ჩატარდა 8 სხდომა, დაკითხულია  13  მოწმე, საქმის  გადადებები    იყო კანონიერი  და  გამოწვეული  იყო  არსებული  ობიექტური  გარემოებებით, რასაც მოსამართლე გვერდს ვერ აუვლიდა. შესაბამისად,  აღნიშნულ  საქმესთან დაკავშირებით,  საქმის  განხილვის  ხელოვნურ  გაჭიანურებას  ადგილი არ  ჰქონია. პროკურატურა ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ერთ-ერთ მხარეს და მოსამართლე ვალდებულია, მოუსმინოს და გაითვალისწინოს როგორც ადვოკატის, ასევე პროკურატურის შუამდგომლობები, რომელიც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

აქედან გამომდინარე, არგუმენტს მოკლებულია ადვოკატის განცხადება, მისთვის დაცვის უფლების შეზღუდვის თაობაზე, რადგან საქმის გაჭიანურების აბსურდული ბრალდების მიუხედავადაც, ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დაცვა პატიმრობის 9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგაც თავისუფლად შეუძლია. იმედია, თავად ადვოკატმა იცის, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში, თუკი სასამართლო განხილვა 9 თვიან ვადაში ვერ ჩაეტევა, სასამართლო ამ პატიმარს ათავისუფლებს და საქმის განხილვა სასამართლოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში გრძელდება.

თუმცა, ამ კონკრეტული საქმის განხილვისთვის მოსამართლეს კიდევ საკმაოდ დრო აქვს დარჩენილი. მომავალი სხდომა 2013 წლის 12 ნოემბერსაა ჩანიშნული, ხოლო პატიმრობის 9 თვიანი ვადა 2013 წლის 15 დეკემბერს იწურება.

 

და ბოლოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  ამ ეტაპზე  9 მოსამართლის მიერ განიხილება 592 საქმე. პროკურორები და ადვოკატები ყოველდღიურად აყენებენ ათეულობით შუამდგომლობებს და სასამართლო მხოლოდ კანონის თანახმად აკმაყოფილებს, ან უარს ამბობს მათ დაკმაყოფილებაზე. ეს არის ჩვეულებრივი სასამართლო განხილვა და თუკი რომელიმე მხარე ამ ყოველდღიურ საქმიანობაში „მიკერძოებას“ ხედავს, ეს მხოლოდ ამ მხარის პროფესიონალიზმის პრობლემაა, არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ამას ადვოკატის მხრიდან საკუთარი კლიენტის  წინაშე თავის „მოწონების“ მცდელობაც ახლავს. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია