Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

26-12-2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა საჯარო განცხადება, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 25 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე, დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების - მოწმის ჩვენების - დეტალების აღწერას.


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, 25 დეკემბრის სასამართლო სხდომა აჭარის / კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილუფროსის - თეიმურაზ პატარიძის მოწმის სახით დაკითხვის ნაწილში დახურული იყო.


ამასთან, კანონის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი, არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა ცნობილი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ იქნა შესრულებული.


სასამართლო აცხადებს, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე მიღებული ინფორმაციის გაუხმაურებლობის ვალდებულება ვრცელდება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეზე, ასევე - დახურულ სასამართლო სხდომაზე დამსწრე ყველა პირზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა პირი, ადვოკატები,  და უპირველეს ყოვლისა, პროკურორი და მთავარი პროკურატურა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და დაიცვან  კანონისა და სასამართლოს მითითებები.


ქუთაისის საქალაქო სასამართლო


 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია