რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის ბრალდებულ დ.ქ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
საქმის მასალების თანახმად დ.ქ.-მ 1978 წლის 20 თებერვალს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შედეგად მიიღო ნებართვა ,,C” კატეგორიით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად, თუმცა იმავე წლის 25 თებერვალს მასვე მიეცა მართვის მოწმობა ,,B”,,C” კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებით, (სადაო მოწმობის ოფიციალურობა და ნამდვილობა დადასტურდა 2018 წლის 15 იანვრის N79/დტ გრაფიკული და დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით). 2017 წლის 29 დეკემბერს აღნიშნული მართვის მოწმობა დ.ქ.-მ წარადგინა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა მითითებულ მოწმობაში აღნიშნული „B“ ,,C” კატეგორიებით ახალი მართვის მოწმობის გაცემა, რაც ბრალდების მხარის მიერ მიჩნეულ იქნა დ.ქ.-ს მიერ წინასწარი შეცნობით ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებად და ბრალად შეერაცხა დანაშაულის ჩადენა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. |