რუსთავის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის ფაქტზე ბრალდებული ტ.ჰ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.
საქმის მასალების მიხედვით, ტ.ჰ.-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 7,5935 გრამი, რომელსაც ინახავდა ქალაქ თბილისში მის დროებით საცხოვრებელ სახლში, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 13 თებერვალს სახლის ჩხრეკისას.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული ტ.ჰ. დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ტ.ჰ.-ს პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი, (ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო გამოძიებას დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოეღოთ ნარკოტიკული საშუალება) ისე დამამძიმებელ გარემოება (ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იყო ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
|