რუსთავის საქალაქო სასამართლომ სამეწარმეო საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევაში, ბრალდებული ვ.ღ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო.
წარდგენილი ბრალდების თანახმად ვ.ღ.-ს ბრალად ედებოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
საქმის მასალების მიხედვით 2014 წლის 21 მარტიდან 2016 წლის 09 მარტამდე პერიოდში ავტორიზებული აფთიაქის შპს ,,###-ს“ 100%-იანი წილის მფლობელ ვ.ღ.-ს მითითებით, ამავე აფთიაქის თანამშრომლები, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატიურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, რითაც ვ.ღ.-მ მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, მედიკამენტების დათვალიერების და მათი ამოღების ოქმების, თემატური რევიზიის დასკვნის, რევიზიის აქტის და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული ვ.ღ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ვ.ღ. აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ იყო ნასამართლევი, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
|