რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ბრალდებულ დ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სასამართლომ ბრალდებული დ.კ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის დ.კ.-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში დ.კ.-ს მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენი დაადგინა, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ბრალდებულ დ.კ. ს ბრალეულობა აღნიშნულ დანაშაულში.
სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დ.კ.-ს პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი (ბრალდებული სხვაგვარი ძალადობის ნაწილში თავს ცნობდა დამნაშავედ), ისე დამამძიმებელ გარემოება (ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
|