2019 წლის 14 მარტს მედიასაშუალებებში მარნეულის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან მიმართებაში რუსთავის საქალაქო სასამართლო განმარტავს შემდეგს: 2018 წლის 13 დეკემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მარნეულის ყოფილი მერის და სხვათა ბრალდების საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა. სხდომაზე ბრალდებულ თ.ა.-ს ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით და გირაოს შეფარდება. ბრალდებულ თ.ა.-ს ინტერესების დამცველის შუამდგომლობას სრულად დაეთანხმა პროცესში მონაწილე პროკურორი და მიუთითა, რომ ვინაიდან საფრთხეები, რომლებიც ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების ეტაპზე არსებობდა შემცირებულია მხარს უჭერს ბრალდებულ თ.ა.-სთვის შეფარდებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას.
იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის დასაბუთება ბრალდების მხარის ვალდებულებაა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თ.ა.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. მხარეთა შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ბრალდებული თ.ა. დაუყონებლივ განთავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
რაც შეეხება ბრალდებულისთვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურების საკითხს, აღნიშნული, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განხილვის საგანს ამ ეტაპზე არ წარმოადგენს.
|