რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის რ.ა.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
ბრალდებულს ბრალად ედება ქრთამის აღება ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება და მოთხოვნა, რათა მოხელემ გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქმის მასალების თანახმად, რ.ა.-მ საქართველოს მოქალაქეს შ. მ.-ს შესთავაზა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დასაქმება, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული მიზნით 2019 წლის 07 მარტს და 2019 წლის 20 მარტს გამოართვა ფულადი თანხა ჯამში 3000 ლარის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე, რომლის გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველყოფა გამოძიების ამ ეტაპზე შესაძლებელია ბრალდებულ რ.ა.-ს მიმართ მხოლოდ პატიმრობის შეფარდებით.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2019 წლის 13 მაისს 12:00 საათზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
|