ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საერთო სასამართლოებმა მომხმარებლებს შესთავაზა მაქსიმალურად დისტანცირებული, მათ შორის, ელექტრონული სამართალწარმოება. თუმცა, მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში არ იყენებენ ამ შესაძლებლობას და განცხადებებისა თუ საპროცესო დოკუმენტების წარმოსადგენად ან მისაღებად, უპირატესობას ანიჭებენ სასამართლოს შენობაში გამოცხადებას და მოხელეებთან უშუალო კომუნიკაციას. ამ თვალსაზრისით არც რუსთავის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს გამონაკლისს. შესაბამისად, მოქალაქეებთან დისტანციური და უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, მოხელეების სპეცსაშუალებებით (პირბადე, ფარი, სათვალე, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები) აღჭურვის გარდა, სასამართლო შენობაში დამატებით მოეწყო ჩვენი შეხედულებით მნიშვნელოვანი შემდეგი დამცავი საშუალებები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სარკმელი სრულად დაიფირა ორგანული მინის ფარით, რომელიც გამორიცხავს მოხელისა და მომხმარებლის პირდაპირ შემხებლობას, მათ შორის დოკუმენტაციის გადაცემისას, ვინაიდან, დოკუმენტაციის მიწოდება ხდება დახშული კონტეინერის გვერდითა ღიობიდან, რომელიც იფარება დრეკადი სარქველით. კონტეინერის შიგნით განთავსდა ავტომატიზებული აეროზოლი, რომლის კატრიჯიც შევსებულია სპეციალური სადეზინფექციო სითხით და ყოველ 15 წუთში მოწყობილობა ავტომატურად ახდენს კონტეინერში სადეზინფექციო სითხის გაფრქვევას;
იმის გათვალისწინებით, რომ დამცავი ფარის მოწყობამ დააქვეითა მოხელესა და მომხმარებელს შორის ხმოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, არსებული კომპიუტერული ტექნიკით მოეწყო შიდა და გარე ე.წ. „სპიკერფონები“, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ და უსაფრთხო ხმოვან კომუნიკაციას. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ტექნიკური შეფერხების შესაძლებლობაც, რის გამოც დამცავ ფარში მოეწყო მცირე ზომის ხუფი ცხაურისებრი ღიობით, რომელშიც განთავსდა სტერილური დოლბანდები. ანიშნული დოლბანდებიც სისტემატიურად მუშავდება სადეზინფექციო სითხით;
იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში საპროცესო დოკუმენტების ჩაბარებისას გართულებული იყო მომხმარებელსა და მოხელეს შორის სასამართლოს თანამშრომლის მხრიდან მოთხოვნილი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, რაც ერგვარად იწვევდა მომხმარებელთა გაღიზიანებას, სასამართლოს ფოიეში განთავსდა საოფისე მაგიდა, რომელზეც განთავსდა კონტრასტული შეფერილობის გამყოფი შტრიხი და ამასთან, მოეწყო დაკიდებული სივრცითი გამყოფი ორგანული მინის ფარი (როგორიც განთავსებულია აფთიაქებში), რაც მომხმარებელსა და მოხელეს შორის კომუნიკაციისას ქმნის ერთგვარ ზღუდეს წვეთოვანი ნაწილაკების ურთიერთგაცვლის თავიდან ასარიდებლად;
იმავე მიზნებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს კანცელარიის სარკმელი აღიჭურვა დრეკადი გამჭვირვალე ორგანული სარქველით, რომელიც, მისი მოწყობის პრინციპით, შესაძლებელს ხდის მხოლოდ დოკუმენტაციის ურთიერთგაცვლას მომხმარებელსა და სასამართლოს მოხელეს შორის და ართულებს პირდაპირ კომუნიკაციას.
|