რუსთავის საქალაქო სასამართლო, პირველ რიგში მიესალმება და მადლიერებას გამოხატავს საქართველოს სახალხო დამცველის და მათი წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მათ ანგარიშებში (2020 წლის 10 მარტის და 2020 წლის 15 ივლისის) ხაზგასმით აღნიშნავენ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოვლენილ არაერთ პოზიტიურ და სამაგალითო მიგნებებს, თუმცა, ამავდროულად, რუსთავის საქალაქო სასამართლო გამოთქვამს წუხილს 2020 წლის 15 ივლისის ანგარიშში მითითებულ უზუსტობებზე, რომლებიც, ვფიქრობთ, ჩვენი მხრიდან საჭიროებს განმარტებას, ხოლო შეტანილი იქნება თუ არა ცვლილება წარმოდგენილ ანგარიშში, რომლის გამოქვეყნებამდე, სამწუხაროდ, არ მოგვეცა გაცნობისთვის გონივრული ვადა, ეს თავად ანგარიშის ავტორის გადასაწყვეტი საკითხია.
წარმოდგენილ ანგარიშში, გარდა იმ მრავალი პოზიტიური შეფასებისა, რომელიც შეეხება უშუალოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ასევე მითითებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მხრიდან არასათანადო თანამშრომლობის ფაქტი საქართველოს სახალხო დამცველთან მიმართებაში, რომლის მაგალითად წარმოდგენილია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის აპარატის მიერ (2020 წლის 17 ივნისს) მათი რწმუნებულისადმი შესაბამისი ონლაინ-ბმულების გაუგზავნელობა, რის გამოც ისინი სხდომებს ვერ დაესწრნენ. აქვე მიუთითებს, რომ აღნიშნულმა მოსამართლემ შემდგომში შეცვალა მიდგომა და რწმუნებულებს მისცა სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა.
სასამართლომ შეისწავლა რა მითითებული გარემოება, დაადგინა, რომ მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილს, 2020 წლის 17 ივნისს ჩანიშნული ჰქონდა 6 (ექვსი) სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომა, საიდანაც:
Ø 2(ორი) სხდომა გადაიდო დაცვის მხარის შუამდგომლობით ზეპირი მოსმენის გარეშე;
Ø ერთი სხდომა ჩატარდა მხარეთა უშუალო დასწრებით სასამართლო სხდომის დარბაზში. შესაბამისად, სხდომა არ გამართულა დისტანციური სამართალწარმოების რეჟიმში;
Ø 3 (სამი) სხდომა გაიმართა დისტანციურ რეჟიმში კომპიუტერული პროგრამა „Webex“-ის გამოყენებით.
ზემოთ მითითებულ, დისტანციურად გამართულ სამივე სხდომაზე სახალხო დამცველის რწმუნებულს (მეილი: ngorgiladze@ombudsman.ge) გაეგზავნათ ონლაინ-ბმულები და სამივე სხდომაზე მიეცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულს ადასტურებს დისტანციური პროგრამა „Webex“-ის ამონაწერები, რომლებიც ქვემოთ წარმოდგენილია ფოტოს სახით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ 17 ივნისს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის მიერ დისტანციურად გამართულ სხდომებს ვერ დაესწრნენ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, მივანდობთ მკითხველს.
წარმოდგენილ ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს მოსთხოვეს სხდომის დატოვება იმის მიუხედავად, რომ პროგრამული ხარვეზი სხდომაზე ჩართულ სხვა პირებთან ფიქსირდებოდა. მსგავსი გადაწყვეტილება 16 ივნისს მიიღო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, ასევე 19 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა.
მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ 16 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად მიმდინარეობდა საქმის არსებითი განხილვის სხდომა ბრალდებულების ნ. ბ.-ს და მ. შ.-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით. საქმეზე დისტანციურად მონაწილეობდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან 2 ბრალდებული, მათი ინტერესების დამცველი 3 ადვოკატი, პროკურორი, თარჯიმანი და სახალხო დამცველი აპარატის წარმომადგენელი. ვინაიდან საქმეზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, გარდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა, ჩართული იყო შვიდი პროცესის მონაწილე, აღნიშნული ხელს უშლიდა სხდომის მიმდინარეობას და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელ მანანა მარტაშვილს ეთხოვა სხდომის დატოვება. მონაწილე პირთა სიმრავლემ გამოიწვია მნიშვნელოვანი ტექნიკური შეფერხება, შეუძლებელი გახდა ხმის და გამოსახულების მიღება, ამასთან ობიექტურად შეუძლებელი იყო ხარვეზის გამოსწორება, შესაბამისად, სასამართლომ უზრუნველყო დისტანციურად მონაწილე პირების შემცირება.
19 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ 2020 წლის 19 ივნისს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილს გრაფიკით გათვალისწინებული ჰქონდა 2 სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომა, რომელიც წარიმართა დისტანციურად. საყურადღებოა, რომ არცერთ სხდომაზე არ მიუღია მონაწილეობა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს, მაშინ როდესაც ანგარიშში მითითებულია თითქოსდა სახალხო დამცველის რწმუნებულებს მოსთხოვეს სხდომის დატოვება იმის მიუხედავად, რომ პროგრამული ხარვეზი სხდომაზე ჩართულ სხვა პირებთან ფიქსირდებოდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლო, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ადასტურებს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს ისეთ მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ კონსტიტუციურ ინსტიტუტთან, როგორიც არის საქართველოს სახალხო დამცველი და გაითვალისწინებს მისგან მიღებულ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეფუძნება ობიექტურ შეფასებას.
|