
2024 წლის ოქტომბრიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, პილოტურ რეჟიმში ამოქმედდა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა და ტექნიკური საშუალებები, რომელის მეშვეობითაც სხდომის მდივნებს ეძლევათ შესაძლებლობა, მათი სამუშაო ოთახიდან ან სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ქართულ და ინგლისურ ენებზე სასამართლოს ფოიეში გამოაქვეყნონ შეტყობინება დასაწყები სასამართლო სხდომის შესახებ. აღნიშნულით სასამართლოს ფოიეში მყოფ მხარეებს, დასწრების მსურველ პირებს და სასამართლოს მანდატურებს მიეწოდებათ ინფორმაცია: რომელ სხდომის დარბაზში, რომელი კატეგორიის და რომელი მხარეების მონაწილეობით მიმდინარე საქმის განხილვა იწყება. შესაბამისად, ფოიეში მყოფ დასახელებულ სუბიექტებს ეძლევათ შესაძლებლობა, წინასწარ მობილიზდნენ და გაიარონ სხდომის დარბაზში შესასვლელად აუცილებელი უსაფრთხოების პროცედურები, რათა ეს გარემოება არ გახდეს სასამართლო სხდომის დაწყების შემაფერხებელი გარემოება და ამასთან, მინიმუმადე იქნას დაყვანილი ამ მიზეზით სხდომით დაინტერესებული პირების დარბაზს მიღმა დარჩენა. გარდა აღნიშნულისა, ამ პროგრამის გამოყენებით სხდომის მდივნებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პარალელურად ფოიეში მყოფ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია მომდევნო სხდომის დაწყების შესახებ, რათა მიმდინარე და დასაწყებ სხდომებს შორის მინიმუმადე იქნას დაყვანილი მოსამზადებელი პერიოდი, რაც მართლმსაჯულების ეფექტიანობის პარალელურად, უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას. |