ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ანგარიში
2024 წლის 01 აპრილიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 12 განცხადება.
შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კერძოდ: გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტულ წელს შევიდა კანონიერ ძალაში, სტატისტიკას - სასამართლოში შემოსული ადმინისტრაციული სარჩელების და ადმინისტრაციული საჩივრების რაოდენობის (სამართალდარღვევებზე) თაობაზე, გადაწყვეტილებებს საქსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, განჩინებებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადასინჯვის თაობაზე, სტატისტიკას - კონკრეტულ წელს საპროცესო შეთანხმებით დამთავრებული საქმეების თაობაზე, სტატისტიკას - არასრულწლოვნების განრიდების გამოსაყენებლად მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეებზე სტატისტიკას და გადაწყვეტილებებს საკუთრებაზე ყადაღის დადების და მოხსნის თაობაზე, ინფორმაციას კონკრეტულ წელს, კონკრეტული მუხლით შემოსულ საქმეთა რაოდენობის თაობაზე, კონკრეტული განაჩენის ასლს, ინფორმაციას დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და დევნის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული დადგენილებების შესახებ, განჩინებებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, სტატისტიკას - კონკრეტულ წლებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განხილული საქმეების თაობაზე და იმ მოსამართლეთა ჩამონათვალს, რომლებიც განიხილავენ მსგავს შუამდგომლობებს.
შემოსული განცხადებებიდან:
ა) 08 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;
ბ) 01 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, განმცხადებელს გაეგზავნა სტატისტიკა, დანარჩენი ინფორმაციის მოძიება საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს;
გ) 03 განცხადებაზე განმცხადებლებს ეთქვათ უარი. ერთ შემთხვევაში უარი გამომდინარეობდა იქიდან, რომ მოთხოვნილი გადაწყვეტილებების მიღება ხდება უშუალოდ სხდომაზე, აღნიშნულის მოძიება და დამუშავება საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რომელიც გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას. მეორე შემთხვევაში - უარი გამომდინარეობდა იქიდან, რომ ამ სახის შუამდგომლობები განიხილება მხოლოდ დახურულ სასამართლო სხდომაზე და გამოიყენება საიდუმლო საქმისწარმოების წესები. მესამე შემთხვევაში უარი გამომდინარეობდა იქიდან, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება რუსთავის სასამართლოში არ ხდება.
2024 წლის 01 აპრილიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებას პასუხი გაეცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.
საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს სპეციალისტი.
სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ შემოსული იქნა 01 საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან, ისეთი მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება, როგორსაც ითხოვდა საჩივრის ავტორი, საქმეთა სიმრავლიდან და საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, გამოიწვევდა გაუმართლებელ ცვლილებას სასამართლოს მუშაობის ორგანიზებაში, კერძოდ თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციებისგან მოწყვეტას და ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.
|