Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წარმატებით განხორციელებული პროექტი

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წარმატებით განხორციელებული პროექტი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით, წარმატებით დასრულდა და ექსპლუატაციაში გაეშვა საერთო სასამართლოების მიერ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა ახალი შესარჩევი კომპიუტერული პროგრამა. აღნიშნული პროგრამა, გარდა იმისა, რომ სრულად პასუხობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, ამასთან, შესაძლებელს ხდის ავტომატურ რეჟიმში განხორციელდეს შემდეგი მოქმედებები:

ა) შერჩეული სიის დახარისხება ძირითად და დამატებით სიებად;

ბ) სიების დაყოფა სასამართლოსთვის და მხარეთათვის გადასაცემად საჭირო  რეკვიზიტების გათვალისწინებით;

გ) შერჩევის რაოდენობის მიუხედავად, გამორიცხავს ერთ საქმეზე ერთი და იგივე მსაჯულობის კანდიდატის შერჩევას;

დ) შერჩეულ კანდიდატებს სიებს ახარისხებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაც ამარტივებს სიების გასაგზავნ ადრესატთა განსაზღვრას;

ე) ავტომატურად მომზადდეს ყველა კანდიდატებისთვის გასაგზავნი მიმართვები და უწყებები ელექტრონული  სახით ინდივიდუალური მონაცემების მითითებით;

ვ) ადგენს კანდიდატთა სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრებს, რისთვისაც პროგრამულად უკავშირდება  სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მყისიერად იღებს საჭირო მონაცემებს, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (მონაცემების მოპოვებისას გათვალისწინებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები, რის გამოც მაქსიმალურად დაცულია კანდიდატების შესახებ ჭარბი პერსონალური მონაცემების მიღების შესაძლებლობა აუცილებლობის გარეშე);

ზ) ავტომატურად ამზადებს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადასაგზავნ სიას შერჩეულ კანდიდატებზე დამატებითი მონაცემების მოპოვების მიზნით, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

თ) უზრუნველყოფს კანდიდატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ ელექტრონულ საქმისწარმოების პროგრამაში, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაადგინოს ხომ არ არის შერჩეული კანდიდატი: პროკურორი;  გამომძიებელი;  პოლიციელი;  ადვოკატი;  ბრალდებული;  პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული და/ან ნასამართლევი პირი, რაც წარმოადგენს მსაჯულობის კანდიდატის უპირობო აცილების საფუძველს. მით უმეტეს, რომ  ასეთი სტატუსის მქონე პირის ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში ყოფნა ეჭვქვეშ აყენებს საქმეზე მიღებული ვერდიქტის კანონიერებას.  

ყოველივე აღნიშნული, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სასამართლო სხდომების ეფექტურ წარმართვას, რომლის მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა მოძიება და მათთვის სასამართლო გზავნილების ჩაბარება (როგორც სასამართლო პრაქტიკა ცხადხყოფს, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის ფაქტობრივად არ ცხოვრობს რეგისტრაციის მისამართზე). ამასთან, მნიშვნელოვნად დაიზოგება ადამიანური და სახელმწიფო ფინანსური რესურსები, რაც უკავშირდება ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია