Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

nafic msajulTa sasamarTlos verdiqti

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტი

 

ვერდიქტი არის ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ბრალდებულის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. შესაბამისად, ვერდიქტი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.

 

თუ დაცვის (ადვოკატი) ან ბრალდების (პროკურორი) მხარე შუამდგომლობს რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის გარკვეულ ელემენტებსაც შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული, ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა და სხდომის თავმჯდომარე - მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს, თუ რა არის საერთო და განმასხვავებელი ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულსა და მხარის მიერ შეთავაზებულ − შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულს შორის. 

 

უფროსი მსაჯული თანამიმდევრულად ჯერ კენჭისყრაზე აყენებს ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით.

 

კენჭისყრისას თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს საკითხისადმი თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

 

ნაფიც მსაჯულთა თათბირისას ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან, მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს უგულებელყოფს, ან ითვალისწინებს მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, ასევე თუ ნაფიცი მსაჯული აშკარა მიკერძოებას გამოხატავს ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს.

 

ვერდიქტის  მისაღები კენჭისყრისას, ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს. 

 

ნაფიცმა მსაჯულებმა ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას.

 

როგორც წესი, თათბირის პირველ 4 საათში ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად.

 

თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილებების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილებები მომდევნო 8 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით:


  • ·         თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 8 ხმით;

  • ·         თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 10 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 7 ხმით;

  • ·         თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 9 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 6 ხმით;

  • ·         თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 8 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 5 ხმით;

  • ·         თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 4 ხმით.

 

ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით. ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით.

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია