2014 წლის 25 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. საქმეში მესამე პირად იყვნენ ჩართულნი- პ/მ ”სამართლიანი საქართველოსათვის ”, პ/გ ”სახალხო პარტია ” და N32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია.
მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 22 აპრილის განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ განკარგულების ძალაში დატოვება, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილი დარეგისტრირდა ქ. გორის მერობის კანდიდატად.
მოსარჩელის განცხადებით, N32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აპრილის განკარგულებით, ” ირაკლი ოქრუაშვილი- ქართული პარტიის” წარმომადგენელი ირაკლი ოქრუაშვილი დარეგისტრირდა ქ. გორის მერობის კანდიდატად. აღნიშნული განკარგულება პ/მ ”სამართლიანი საქართველოსათვის ” და პ/გ ”სახალხო პარტიის ” მიერ გასაჩივრდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იმ საფუძვლით რომ ირაკლი ოქრუაშვილი მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც კანდიდატისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს. ამავე კომისიის 22 აპრილის განკარგულებით გაუქმდა ი. ოქრუაშვილის რეგისტრაცია თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად მონაწილეობის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, ვინაიდან 2006 წლიდან დღემდე ი.ოქრუაშვილი რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, რაც თავისთავად გულისხმობს რომ მისი საცხოვრებელი ადგილია ქ.თბილისი, შესაბამისად ცესკო-ს განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
თავის მხრივ, წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ი. ოქრუაშვილს უარი ეთქვა კანდიდატად დარეგისტრირებაზე საქართველოს ორგანული კანონის ” საქართველოს საარჩევნო კოდექსის ” იმ მოთხოვნის დარღვევის გამო, რომელიც მერობის კანდიდატისათვის აწესებს საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების აუცილებლობას.
სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა- განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ საარჩევნო მიზნებისათვის საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას საქართველოს ორგანული კანონი ” საქართველოს საარჩევნო კოდექსი ” არ განსაზღვრავს. თუმცა, იგივე კოდექსი მიუთითებს რომ მერობის კანდიდატი არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. სასამართლოს მოსაზრებით, კანონმდებლის ნებაა მერად არ იქნეს არჩეული ისეთი პიროვნება, რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უშუალოდ არ იმყოფებოდა და ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქვეყანაში. სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ ი. ოქრუაშვილი 2012 წლის აპრილიდან 2012 წლის ნოემბრამდე არ იმყოფებოდა საქართველოში, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნა კანდიდატის ბოლო 2 წლის მანძილზე ქვეყანაში მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი გამოტანიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
|