კონკურსის შედეგად შერჩეულ სტაჟიორებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და მენეჯერი- მაკა თოდუა შეხვდნენ. მამუკა ახვლედიანმა მათ კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სასამართლოს მენეჯერმა სტუდენტებს მიმართა და სასამართლოს შინაგანაწესი გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლი სამართლის საქმეთა კოლეგიების მთავარი კონსულტანტები, რომლებმაც სტაჟიორებს კოლეგიების შესაბამისად დამატებითი განმარტებები მისცეს.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა. სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებებისა და გასაუბრების საფუძველზე 627 კონკურსანტიდან 181 შეირჩა. სტაჟიორები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოლეგიებში, სასამართლოს კანცელარიასა და მოქალაქეთა მისაღებში გადანაწილდნენ. სტაჟირების 6 თვის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ სასამართლოში საქმისწარმოების სპეციფიკას, იმუშაონ მოსამართლის აპარატში და შეისწავლონ ახლადდანერგილი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ. |