
2014 წლის 23 დეკემბერს, არაკომერციული იურიდიული პირი - პროფესიული გაერთიანება ”საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის” დაფუძნდა. დღესვე სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე იურისტებთან ერთად, არასამთავრო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროფესიული გაერთიანება საქართველოს იურისტთა სამეცნიერო წრეების, იუსტიციისა და სასამართლო სისტემის, ასევე ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს აერთიანებს. ,,საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის” პრეზიდენტად არჩეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, ხოლო ვიცე პრეზიდენტებად - საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - ირაკლი შოთაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - ირაკლი ბურდული და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი - დავით ლანჩავა. ორგანიზაციის მიზანია კანონის უზენაესობის განმტკიცება, მართმლმსაჯულების ხელშეწყობა, სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესიათა დაახლოება და სამართლებრივ სივრცეში ერთიანი სტანდარტების დამკვიდრება.
”საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის” მთავარი ამოცანაა საერთო პროფესიული ხედვის და მიდგომის ჩამოყალიბება, საერთო პასუხისმგებლობითა და ეთიკური ნორმებით იურისტთათვის ერთიანი სტანდარტების დამკვიდრება და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაა.
მართლმსაჯულების განმახორციელებელი ყველა შტო კანონის უზენაესობის, ხარისხიანი, დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულების განმტკიცების უზრუნველყოფისა და მისი მხარდაჭერის გარშემო ერთიანდება. |