2015 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ილია ტიმჩენკოს მიმართ. სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო და სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
მას ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სხვისი ავტომანქანიდან აკუმულატორის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტს.
სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სასამართლოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
|