2015 წლის 19 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტარიელ ფოცხვერიას სარჩელი, მოპასუხის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სასჯელისგან გათავისუფლება წარმოადგენდა.
მოსარჩელის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამდენად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საკითხი, რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით №01-6/ნ , რომელიც ადგენს იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რაც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს. აღნიშნული მოთხოვნით მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა ერთობლივ კომისიას და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიიღო უარი.
მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ ტარიელ ფოცხვერიას ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო იყო დამატებითი კვლევები, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც სჭირდება მოსარჩელის თანხმობა, რაც მას არ წარუდგენია კომისიისათვის, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელე ტარიელ ფოცხვერიას მიმართ.
აღნიშული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
|