თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგებით დასრულდა სამოქალაქო დავა მოსარჩელე გოგა რაზმაძესა და მოპასუხე შპს რადიო კომპანია „ პირველ რადიოს“ შორის. მხარეთა შორის დავის საგანს მორალური ზიანის ანაზღაურება და ცილისწამებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება წარმოადგენდა.
საქმე ეხება , 2015 წლის 18 აგვისტოს, „პირველი რადიოს“ ვებ-გვერდის საშუალებით საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას სათაურით „სკანდალი: საპატრულოს ახალი უფროსი ნასამართლევია?“, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში ინფორმაციის ნამდვილობა უარყვეს, შპს „პირველმა რადიომ“ ინფორმაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორის გოგა რაზმაძის ნასამართლობის, ამნისტიის საფუძველზე, მისი გაქარწყლებისა და მონაცემების ე.წ ბაზიდან ამოშლის შესახებ, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
2015 წლის 3 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, მხარეთა შორის შედგა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, შპს რადიო კომპანია „პირველი რადიო“ იღებს ვალდებულებას 2015 წლის 10 დეკემბრამდე, თავის ოფიციალური ვებ-გვერდზე, უარყოს 2015 წლის 18 აგვისტოს ამავე ვებ-გვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გოგა რაზმაძის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. თავის მხრივ, მოსარჩელემ უარი თქვა სხვა სასარჩელო მოთხოვნაზე (მორალური ზიანის ანაზღაურება).
სასამართლომ მორიგების პირობების შინაარსის, მისი შესწავლისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ზნეობისა და სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, არ ლახავს მხარეთა და მესამე პირთა კანონიერ უფლებებს, შესაბამისად მხარეთა პოზიციებისა გათვალისწინებით, საქმეზე მხარეებს შორის მორიგება დაამტკიცა და წარმოება შეწყვიტა.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეებმა უარი თქვეს ზემოხსენებული განჩინების გასაჩივრებაზე, რაც ხელმოწერებით დაადასტურეს. |