2016 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ს. წ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ს. წ.-მ ჩაიდინა საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე და მის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმის მუქარა.
კერძოდ, ს. წ.-მ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მისი ელჩის დაშინების მიზნით, 2016 წლის 11 აპრილს ინტერნეტ საიტზე - ,,FORUM.GE“ განახორციელა მათზე თავდასხმის მუქარა და გახსნა სასაუბრო თემა ,,ერთად გავანადგუროთ ამერიკის ელჩი“. მანვე ხსენებულ ვებ გვერდზე განათავსა აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიის ამსახველი ორთო-ფოტო, მონიშნული სავარაუდო საცეცხლე წერტილებით, საიდანაც უნდა განხორციელებულიყო შეიარაღებული თავდასხმა, ასევე, ბრალდებულს შესწავლილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც აშშ-ს ელჩი გადაადგილდებოდა. 2016 წლის 11-12 აპრილს, თავდასხმის გეგმა გახდა ინტერნეტ მომხმარებლების საყოველთაო მსჯელობის საგანი, რა დროსაც ს. წ. კვლავ აქტიურად განიხილავდა მის მიერ შედგენილი გეგმის წარმატებით დასრულების საკითხს.
სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სახეზეა მისი დაკმაყოფილების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება">დადგენილებაში მითითებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირმა შესაძლოა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება. გარდა ამისა, ს. წ.-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას. სასამართლომ, ასევე, გაითვალისწინა გარემოება, რომ წარდგენილი ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობისა და საზღვარგარეთ კავშირების გამოყენებით მაღალია მისი მიმალვისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების რისკი. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახის - პატიმრობის გამოყენებით.
საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმის მუქარის ჩადენისათვის გათვალისწინებული იყო სანქცია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასჯელი გამკაცრდა და იგივე ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 6-12 წლამდე.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 2 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება. |