23-26 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლო დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეების დელეგაციას მასპინძლობს.
ვიზიტის პერიოდი დატვირთულია სხვადასხვა შეხვედრებით ქართული და გერმანული მართლმსაჯულებისათვის ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:
● „საქმეთა განაწილების წესი“;
● „ხელშეკრულების ბათილობა საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ამორალურობის საფუძველზე“;
● „ხელშეკრულების ბათილობა მარეგისტრირებელი ორგანოს შეცდომის გამო“;
● „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)“.
გარდა აღნიშნული თემებისა სტუმრები ეცნობიან სასამართლოს ორგანიზებისა და სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმიანობის სპეციფიკას, რის შემდეგად მომზადდება შედარებითი ხასიათის მოხსენება ქართული და გერმანული სისტემების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოს შორის პარტნიორული ურთიერთობები 2012 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროის განმავლობაში, მხარეები რეგულარულად თანამშრომლობდნენ მართლმსაჯულების განხორციელების გაუმჯობესებისა და ორმხრივი სასამართლო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – კონსტანტინე კუბლაშვილისა და დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტ ულრიხ ჰაგენლოხის შეხვედრა, უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების მუზეუმის დათვალიერება და ყაზბეგის რაიონული სასამართლოს მონახულება. |