
რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის ძირითად ნაწილში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები უკანასკნელად განხორციელდა 2007 წელს. ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად კედლებზე წარმოქმნილია ბზარები, საღებავი არის გახუნებული და დაბინძურებული, რაც არამარტო აუშნოებს სასამართლოს შენობის ესთეტიკურ მხარეს, ასევე ქმნის არაჰიგიენური და მოუვლელი გარემოს განცდას. აღსანიშნავია, რომ კედლის საფარის ლოკალური აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც საკუთარი ძალებით ვეწევით, აღარ არის ეფექტური. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ მეტლახის ფილები არაერთ ადგილზე არის აყრილი და დამტვრეული, რაც გარდა ინფრასტრუქტურული ხარვეზისა, ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით სხდომის დარბაზებში. რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი განთავსების დანაყოფს (უკანასკნელად განახლდა 2021 წელს), საყურადღებოა, რომ კედლების მდგომარეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა, რომელიც გამოწვეულია, როგორც ექსპლუატაციით, ასევე დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა მხრიდან მათზე წერის, ნაკაწრების დატოვებითა და სხვა მექანიკური დაზიანებების შედეგად, ამდენად მხოლოდ ზედაპირული წმენდითა და დასუფთავების ღონისძიებებით შეუძლებელი გახდა მათი გასუფთავება, რომლის აღმოფხვრა მხოლოდ კედლების ხელახალი შეღებვით არის შესაძლებელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავდა სამუშაო ოთახების, სხდომის დარბაზების, სასამართლოს შენობის დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი განთავსების დანაყოფის (იზოლატორების) აღდგენითი სამუშაოების არქიტექტურული პროექტი.
|